სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება
16 ოქტომბერი 2019
სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის ფარგლებში, 2020 წელს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთი, ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა გაიხსნება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.
სამუშაოები ასევე მიმდინარეობს, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო მესამე მონაკვეთზე სადაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყდა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და დონორ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად.